„ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში სემინარი „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გაიმართა
მაისი 20, 2021
20.05.21 – თბილისი
„ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში, სემინარი „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გაიმართა. სემინარის მუშაობაში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა. მონაწილეებმა დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროპულ ღირებულებებსა და საგანმანათლებლო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.
სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნეს.
თამარა წულეისკირმა თავის გამოსვლაში ისაუბრა პედაგოგებზე, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიაზე, რადგან ხშირად სწორედ სკოლა – სასკოლო საზოგადოება და, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი აყალიბებს მოსწავლეში იმ ორიენტირს, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს ადამიანის მომავალს, ფასეულობებს და არჩევანს და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად, საქართველოს ევროპული არჩევანის, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდეს საგაკვეთილო პროცესის თანმდევ ნაწილს. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე პრეზენტაცია წარადგინა და პედაგოგებს ცენტრის ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ ბერიკა შუკაკიძემ, პედაგოგებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების – ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ინტეგრაციის პროცესის და მისი თანმდევი პასუხისმგებლობების შესახებ მუდმივი ინფორმირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ძალისხმევა ამ მიმართულებით.
დღის განმავლობაში, პედაგოგებმა მოისმინეს ასევე საინტერესო მოხსენებები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტისგან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილი პედაგოგებს ევროკავშირის ისტორიაზე, მის ინსტიტუციურ მოწყობასა და მიმდინარე გამოწვევებზე ესაუბრა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა თავის გამოსვლაში მდგრადი განვითარების გლობალური მიზნებსა და სკოლის როლზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური სწავლების მეთოდები განიხილა და ის ძირითადი პრინციპები გამოყო, რასაც უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის როგორც აკადემიურ ასევე, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლის მოდელი. სემინარი ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის მოხსენებით დასრულდა, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის დახმარების პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური პროექტია, რომელიც ხორციელდება სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი 2014 წლიდან წარმატებით იმართება და ევროპის დღეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, მეორე წელია პროექტი განსხვავებულად, ონლაინ სივრცეში იმართება და მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი- სასწავლო ვიზიტის განხორციელება შეუძლებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშნავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში იმართება.