„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

მაისი 13, 2022

13.05.22 – ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის იდეათეკაში მოსწავლეებთან ევროპის დღის აღსანიშნავად შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის თემატიკაზე მოსწავლეებისთვის ვიქტორინა გამართა. მოსწავლეები დისკუსიის რეჟიმში ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ მსჯელობაში ჩაერთვნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ასევე, ცენტრის საქმიანობისა და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.