„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის საჭადრაკო ბლიც-ტურნირი გაიმართა

მაისი 12, 2022

12.05.22 – აჭარა

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, რეგიონის ახალგაზრდებისთვის საჭადრაკო ბლიც-ტურნირი გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ტურნირის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, ევროპის დღეების მნიშვნელობაზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილ შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სამომავლოდ მოსწავლე-ახალგაზრდობასთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებსა და ტურნირის ყველა მონაწილეს, საინფორმაციო ცენტრისგან თასები, სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები, საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.