„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ცაგერის ისტორიულ მუზეუმში შეხვედრა გაიმართა
მაისი 10, 2022
10.05.22 – ცაგერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის დღის აღსანიშნავად ცაგერის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროპის დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.