„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, კოლეჯის ,,ერქვანი“ სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 19, 2022

19.05.22 – ამბროლაური

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროფესიულ კოლეჯში ,,ერქვანი“ სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და ცენტრის სტაჟიორმა გიორგი ურთმელიძემ ევროპის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ ეტაპებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე.

გარდა ამისა, თამარ გოგოლაძემ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.