„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში მაღალმთიანი აჭარის ბიუროში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 13, 2022
13.05.22 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროპის დღის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებს.