„ევროპის დღეები 2022“- ის ფარგლებში ოზურგეთის ბიბლიოთეკის ამერიკულ სივრცეში შეხვედრა გაიმართა
მაისი 17, 2022

17.05.22 – ოზურგეთი
„ევროპის დღეები 2022“- ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის ბიბლიოთეკის ამერიკული სივრცის ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე და იმ ეტაპებსა და პროცედურებზე, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ნეიტრალიტეტის არსსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.