„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, ქ. სენაკის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 27, 2022

27.05.22 – სენაკი

„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით, ქ. სენაკის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაზე ესაუბრა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე.

ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია ესწრებოდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.