„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ქვიშხეთში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 13, 2022

13.05.22 – ქვიშხეთი
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში ხაშურისა და ქვიშხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.ახალგაზრდებმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მისი სარგებლის შესახებ.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა თამარა წულეისკირმა გახსნა.
“იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ცოდნით აღჭურვა და ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ასევე მნიშვნელოვანია დეზინფორმაციული ნარატივების განხილვა და მათი გაქარწყლების არგუუმენტაციის მიწოდება, რათა ახალგაზრდები გახდნენ ჩვენი ევროპელი ელჩები უფროს თაობასთან ” – განაცხადა თამარა წულეისკირმა.
შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოფუაძე ესწრებოდნენ.
ღონისძების დამსწრე 50-მდე მოსწავლეს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს”ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო და ამ მიმართულებით მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.