„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში რეგიონული მედიის წარმომადგენელებისთვის გამართული სემინარით დასრულდა

მაისი 25, 2022

25.05.22 – თბილისი
“ევროპის დღეები 2022″ – ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ევროინტეგრაციისა და დეზინფორმაციის საკითხებზე გამართული სემინარით დასრულდა. სემინარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნეს.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მედიის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებზე და მოლოდინებზე მიაწოდა ინფორმაცია.

თავის მხრივ თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისთვის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან პროაქტიული კომუნიკაციის როლზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით განსაკუთრებულად აღნიშნა რეგიონული მედია, რომელთანაც ცენტრი სხვადასხვა ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს. „მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ნარატივების გააქტიურების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განახლებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება, რასაც ვფიქრობ, საინფორმაციო ცენტრი წარმატებით ახორციელებს, როგორც ცენტრალიზებულად, ისე საქართველოს რეგიონებში არსებული რეგიონული წარმომადგენლების დონეზე. „- განაცხადა თამარა წულეისკირმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ორდღიანი სემინარი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ტელე-რადიო და ონლაინ გამოცემების 25 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმენეს მოხსენებები როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ ხამაშურიძისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან დავით ბუჯიაშვილისგან მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე, ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობაზე, კითხვარის გადაცემასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი გიორგი ცხვიტავა მედიის წარმომადგენლებს ომის გაშუქების სპეციფიკაზე, საინფორმაციო ომის თანამედროვე მეთოდებსა და მედაწიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებისა და ევროპული ასოცირების პროცესის გაშუქების სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება თავის მოხსენებაში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ. ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მედიისთვის დადგენილ ახალ სტანდარტებსა და გაშუქების გამოწვევებზე ისაუბრა.

სემინარის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით „ევროპის დღეები“ უკვე მეათედ ჩატარდა, რომელიც 9 მაისს დაიწყო და 25 მაისს დამთავრდა. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაცნობა საზოგადოებისთვის და მასში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა.