„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 27, 2022
27.05.22 – თეთრიწყარო
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც 120-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებული აქტივობები გააცნო.
ევროპული კვლევების ფონდის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, საჯარო მოხელეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის შექმნისა და მნიშვნელობის საკითხებზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირის სტრუქტურებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
კითხვა პასუხის ფორმატში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.