ევროპის დღეები იწყება

მაისი 8, 2020

COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღინიშნება და კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩატარდება. ევროპის კვირეულის ფარგლებში, 8 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით, იწყებს სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას ‘ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის’. ორთვიანი კამპანია კი 27 ივნისს, საქართველოევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, დასრულდება. დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა. “აღნიშნული პროექტით ჩვენ გვსურს გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თბილისსა და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვდასხვა სამიზნე ჯგუფებს ასოცირების ხელშეკრულებისა და ზოგადად ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე. ასევე გვინდა საზოგადოებაც ჩავრთოთ ამ პროცესში. ახალგაზრდებს კი მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთონ ჩვენს კამპანიაში, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და დაგვეხმარონ იმაში, რომ ყველას ერთად გავაგებინოთ თუ რა მნიშვნელოვანია ასოცირების პროცესი და რას მოგვიტანს ყველას ერთად ევროპულ ოჯახში დაბრუნება,” – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ვებ-გვერდზე www.aa.ge დარეგისტრირების შემდეგ, სტუდენტების ხუთკაციანი ჯგუფები დაესწრებიან ონლაინ ლექციებს. ამის შემდეგ კი ექნებათ ორკვირიანი ვადა, რომ თემაზე „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ მოამზადონ ესე, ან კვლევისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა და წარადგინონ ონლაინ. 3 საუკეთესო ესე გამოქვეყნდება პროექტის ვებ-გვერდზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო. გამოვლინდებიან საუკეთესო კვლევითი სამოქმედო გეგმების ავტორები რომლებიც ერთი თვის ვადაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებენ კვლევას. წარმოდგენილ პროექტებს წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ. კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 27 ივნისს. უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, კამპანიაში ჩართვის საშუალება აქვთ სკოლის მოსწავლეებსაც (მე-9 კლასიდან ზევით) . მათთვის ონლაინ საჯარო დებატებია დაგეგმილი. საჯარო დებატები გაიმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ასოცირების შეთანხმების შედეგად საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელი სხვადასხვა სფეროებში. საჯარო დებატების შემდეგ, მასწავლებლებსა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მომხსენებელსა და გამარჯვებულ გუნდს კი გადაეცემა ჯილდო.