„ევროპის დღეები” ქობულეთის მუნიციპალიტეტში

მაისი 17, 2023

17.05.23 – ქობულეთი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრისა და ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს შეუერთდა.

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა ქობულეთის ახალ ბულვარში, ევროპის დღეების ფარგლებში ველო გარბენი გამართეს. მოსწავლეთა ინიციტივის მიზანი ვეროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო და ამ ველოგარბენით, მათი შეტყობინების „ჩვენ ერთად ვივლით და ბოლოს ერთად გავშლით ევროპის დროშას!“ საზოგადოებისთვის გაზიარება მოახერხეს.

ამავე დღეს, ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით საზეიმოდ გაიხსნა „ევროპული სივრცე“. აღნიშნულ სივრცეში მოსწავლეები ხშირად შეიკრიბებიან და არაფორმალური განათლების აქტივობებით დაკავდებიან.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროპული სივრცის თემატური ლიტერატურითა და საინფორმაციო მასალებით მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა და ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-20 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.