“ევროპის დღეები“ ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში

მაისი 19, 2023

19.05.2023 – ზუგდიდი
საქართველოში მიმდინარე „ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ზუგდიდის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2023“ 6 მაისს დაიწყო და 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.