ევროპის დღეების ფარგლებში პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მაისი 22, 2020
2020 წლის 22 მაისს, საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში პედაგოგებისთვის პირველი ონლაინ სემინარი გაიმართა.
თბილისსა და რეგიონებიდან სემინარის მონაწილე პედაგოგებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი სალომე შაფაქიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ესაუბრნენ.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელსა და გამოწვევებზე, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე.
აღნიშნული ონლაინ სემინარი პირველია, ევროპის დღეებში პედაგოგებისთვის დაგეგმილი 11 ონლაინ ლექციიდან, რომლის დროსაც სემინარის მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.
ონლაინ სემინარების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.