ევროპის დღეების ფარგლებში სემინარების ციკლი “მე ევროპელი” დაიწყო
მაისი 13, 2021
13.05.21 – თბილისი
2021 წლის ევროპის დღეების ფარგლებში ლექციების ციკლი “მე ევროპელი” დაიწყო. ციფრულ ფორმატში გამართულ პირველ საჯარო ლექციაზე საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ქართველი მეფეების და ევროპელი მონარქების ურთიერთობების ჭრილში საქართველოს და დასავლეთ ევროპის ისტორიულ კულტურულ – პოლიტიკურ კავშირებზე ისაუბრა.
შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა 180-მდე მსმენელმა მიიღო მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა.
2021 წელს ევროპის დღეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით უკვე მეცხრედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაცნობა საზოგადოებისთვის და მასში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია და ფართო საზოგადოება.