ევროპის დღეების ფარგლებში სემინარი „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიმართა
მაისი 17, 2021
![evropis-dgheebi](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2021/05/evropis-dgheebi.jpg)
17.05.21 – თბილისი
ევროპის დღეების აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ონლაინ სემინარი: „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიმართა.
შეხვედრაზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა.
„ევროპის დღეების ფარგლებში ტრადიციულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით. უმნიშვნელოვანესია კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიასთან, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან და არიან როგორც ინფორმაციის მიმღებები, ასევე, გამავრცელებლები, მსგავსი საკოორდინაციო შეხვედრა ექსპერტების დონეზე, სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად. დღის განმავლობაში ვისაუბრეთ ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და გამოწვევებზე, ამასთანავე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და კომუნიკაციის გზით ამ საფრთხეებთან გამკლავებაზე,“ – აღნიშნა თამარა წულეისკირმა.
ტრეინინგის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დავით ბუჯიაშვილმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის დახმარების პროექტებისა და ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა ინაურმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროინტეგრაციის პროცესი მიმოიხილა და აღნიშნული პროცესის თანმდევ ხელშესახებ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დავით უჩაძემ ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის გამოწვევებსა და ამ მხრივ სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და მნიშვნელობაზე.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდას ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის სამსახურების თანამშრომლებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშნავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში იმართება.