“ევროპის დღეების” ფარგლებში სტუდენტებისთვის ევროკავშირის საკითხებზე”ჩართულობის აკადემია” გაიმართა
მაისი 19, 2021

19.05.21 – თბილისი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2021-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ” ჩართულობის აკადემია” გაიმართა. მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროკავშირის თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა.
ონლაინ სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და ახალგაზრდებისთცის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე პრეზენტაცია წარადგინა.
მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე სტუდენტს საშუალება ჰქონდა მოესმინათ ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, მის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე, ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + მნიშვნელოვან საკითხებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. კურსის მომხსენებლები იყვნენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ასოცირების სამმართველოს უფროსი ბიძინა ჯავახიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, საქართველოში ERASMUS + ოფისის წარმომადგენლისგან ნინო ურუშაძე და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი დავით ძიძიშვილი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2021 წელს ევროპის დღეებს უკვე მეცხრედ აღნიშავს. COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება.