“ევროპის დღეების” ფარგლებში სტუდენტებისთვის “ჩართულობის აკადემია” გაიმართა

მაისი 8, 2023

08.05.23 – თბილისი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩართულობის აკადემია გაიმართა. ევროკავშირის თემატიკაზე ჩატარებულ სასერტიფიკატო კურსში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა. თავის გამოსვლაში თამარა წულეისკირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე. სემინარზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებს.

კურსის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნინო ურუშაძე და ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი.

ევროკავშირის საკითხებზე სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და სამომავლო პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2023“ 6 მაისს დაიწყო და 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.