ევროპის უნივერსიტეტში ევროპული ინტეგრაციის შესახებ „ზამთრის სკოლა“ დაიწყო
თებერვალი 13, 2023

13.02.23 – თბილისი
„ევროპის უნივერსიტეტის“ ზამთრის სკოლა – „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო“ დაიწყო.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, ვიცე-რექტორმა სოფიო ხუნდაძემ და ჟან მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა ლევან მახაშვილმა გახსნეს.
ცენტრის დირექტორმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ახალგაზრდებისთვის არსებულ პროექტებზე ისაუბრა.
“ახალგაზრდები, საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდებისთვის ამომწურავი, თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა – აღნიშნა თამარა წულეისკირმა.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პროფესორები სესიებს ორი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ.
სესიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები, ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკა, ევროპეიზაციის გავლენა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ევროკავშირის ფასეულობები და იდენტობები ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის კონტექსტში, ანტი-ევროპული საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, სტრატეგიული კომუნიკაცია, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და თანამშრომლობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.
ზამთრის სკოლის დისკუსიებში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
ზამთრის სკოლის გამორჩეული მონაწილე მოამზადებს და გამოაქვეყნებს ბლოგპოსტს.
ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს ექნება “ევროპის უნივერსიტეტის” ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში ჩართვის და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრისა თუ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
აღნიშნული ზამთრის სკოლა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში და „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით მესამედ ხორციელდება.