„ევროპულ არდადეგებს“ ვარძიამ უმასპინძლა
ივლისი 28, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ვარძიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.
ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ფაცაციამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ახალგაზრდებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, მისი შექმნის ისტორიაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
აღნიშნული სემინარი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას. სემინარების შემდეგ პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, ხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მოწვეულ ექსპერტებს და მათგან იღებენ ინფორმაციას ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ და აგრეთვე, მოეწყო ექსკურსია ვარძიის კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსში.
პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვევა მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.