ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 22, 2022

22.03.22 – სოფელი ლაცორია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიას საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მოაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებზე რომელიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ გადაშალა ახალი ფურცელი ქვეყნის ევოინტეგრაციის ისტორიაში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.