ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კოლეჯის “ახალი ტალღა“ სასწავლებლის წარმომადგენლებისთვის და სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2021

24.03.21 – აჭარა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და სსიპ კოლეჯის “ახალი ტალღა“ ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სასწავლებლის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე.
მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სექტორული თანამშრომლობის უპირატესობები, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილი სხვადასხვა შეთავაზებები, მათ შორის პროფესიული განათლების უპირატესობები და ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამები.
შეხვედრის დასასრულს, მსმენელებმა დისკუსიის ფორმატში გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები და მიიღეს პასუხები მათთვის აქტუალურ შეკითხვებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.