ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შუახევის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
თებერვალი 18, 2021
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპულ არჩევანსა და პერსპექტივებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, აგრეთვე გაეცნენ ევროკავშირისა და ნატოს მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს.
მომხსენებელმა, ასევე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე ისაუბრა, მათ შორის Erasmus+ პროგრამის დეტალებზე. ხაზი გაესვა მოსახლეობაში გავრცელებულ მითებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.