ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

იანვარი 28, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე, საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.