ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს გააცნო ნატოს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.