ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის თემის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 5, 2022

05.07.22 – ლენტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში ლენტეხის თემის სოფლების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ ეტაპებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.