ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 14, 2022
14.09.22 – სოფელი საკაო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოს ადმინისტრაციულ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპული პერსპექტივის ისტორიულ მნიშვნელობაზე და იმ ეტაპებსა და პროცედურებზე ისაუბრა, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის წარდგენიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე. ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების კუთხით, ასევე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გახსნილ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეეებისთვის და იმ რისკებს, რაც წესების დარღვევასთან და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.