ფოთის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 29, 2023
29.11.23 – ფოთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ფოთის N12 საჯარო სკოლაში, პროექტის „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დებატ კლუბის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციასა და იმ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროექტი, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.