ფოთის სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2024
21.03.24 – ფოთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან, მათ შორის, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „დემოსი“ წევრებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სკოლის დირექტორი ბაქარ ერაგია მიესალმა და ევროკავშირის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და იმ პროცედურებს, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადის.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე, ასევე, საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გვანცა კვარაცხელიამ, მოსწავლეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე: კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.