გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 24, 2022

24.09.22 – გარდაბანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო კურსის შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

მოწვეულმა ექსპერტმა, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებსა და საქართველოს ისტორიული არჩევანისა და ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.