გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 29, 2022

29.09.22 – გარდაბანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიულ კონტექსტს, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობას დაეთმო. ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.
დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.