გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 10, 2022
10.06.22 – გარდაბანი
კრწანისის საჯარო სკოლის მიწვევით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ცენტრის საქმიანობა, ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.