გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 7, 2022
07.11.22 – სოფელი ქესალო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიულ კონტექსტს, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპებს.
ყურადღება გამახვილდა ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.