გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 13, 2023

13.10.23 – სოფელი კუმისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, მიმოიხილა პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტი და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, თანამშრომლობის დინამიკასა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ლანა ხარატიშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები გაუზიარა და გააცნო ის ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებს პროგრამის „Erasmus+“ ფარგლებში სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.