ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში

ივნისი 16, 2023

16.06.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მონაწილე უფროსკლასელებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და განსაკუთრებული აქცენტი ორგანიზაციის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ პროექტებზე გააკეთა.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ბუჯიაშვილის ლექციით გაგრძელდა. მოსწავლეებმა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, მექანიზმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ კი მოსწავლეებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს შორის ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივაზე მიაწოდა ინფორმაცია.