გიორგი კეკელიძის ლექცია სემინარების ციკლიდან “მე ევროპელი”

მაისი 21, 2021

21.05.21 – თბილისი

„ევროპის დღეების 2021“-ის ფარგლებში ლექციების ციკლიდან “მე ევროპელი” მეოთხე საჯარო ლექცია გაიმართა. ფართო საზოგადოებისთვის გამართულ ონლაინ შეხვედრაზე მწერალმა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა თემაზე: პიროვნული თავისუფლება ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში.

თავის გამოსვლაში გიორგი კეკელიძემ განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცა: ადამიანის როლი ქართულ ლიტერატურაში, როდის იღებს სათავეს ქართული ლიტერატურის კავშირები ევროპასთან, ევროპული ცნობიერებისა და საზრისის ქართულთან შესაბამისობა, ევროპის, როგორც არა გეოგრაფიული მოცემულობის, არამედ, როგორც ფასეულობებისა და ღირებულებების ერთობლიობა.

შეხვედრას, რომელშიც 120-მდე მსმენელმა მიიღო მონაწილეობა მოდერაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი უწევდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ევროპის დღეების მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

2021 წელს ევროპის დღეები საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით უკვე მეცხრედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაცნობა საზოგადოებისთვის და მასში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ ღონისძიებებში მონაწილეობენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია და ფართო საზოგადოება.

COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წელსაც ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს.