გორის გიმნაზიაში ევროინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა
ივნისი 23, 2021

23.06.21 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ორგანიზებით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირებისა და გიმნაზიის პედაგოგებისთვის სემინარი გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და სამთავისისა და გორის ეპარქიის მდივანი, მამა ღვთისო მიესალმნენ.
თამარა წულეისკირმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირები საინფორმაციო ცენტრის უმნიშვნელოვანესი სამიზნე ჯგუფია და ცენტრის ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის დახმარების პროექტებისა და ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო სისტემები, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დინამიკა, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული მოდელები განიხილა მსმენელებთან კავშირი „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.
სემინარი საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21 საუკუნე“ თანაორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.