გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 27, 2022

27.07.22 – გორი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქეთი კუპრაძემ გახსნა და დამსწრეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.