გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 25, 2022

25.05.22 – სოფელი უფლისციხე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა, დამსწრეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელი მსმენელებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის დაარსების ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობას. ამასთან ერთად, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.