გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 27, 2023

27.04.23 – სოფელ საქაშეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში, ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, მისი გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

მომხსენებელმა, ასევე, მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე, ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.