გორისა და კასპის თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 17, 2022

17.07.22 – გორი და კასპი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მეგობრობის ხიდის „ქართლოსი“ ერთობლივი ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში, გორისა და კასპის თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას, ურთიერთობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა გამოწვევებზე.

სემინარები პროექტის „ცხინავლის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა. პროექტს საქართველოში „ SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.