გრძელდება შეხვედრები მარნეულის ამერიკული კუთხის ბენეფიციარებთან
აპრილი 14, 2022
14.04.22 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გრძელდება შეხვედრები მარნეულის ამერიკული კუთხის ბენეფიციარებთან.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია, ორგანიზაციის მთავარი პრინციპები და ამოცანები გააცნო. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და მნიშვნელობაზე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნატოს წევრი ქვეყნების დაცვის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მარნეულის ამერიკული კუთხის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ სემინარების ციკლი იმართება. პროექტის ფარგლებში, ამერიკული კუთხის ბენეფიციარებთან დაგეგმილია ხუთი საინფორმაციო შეხვედრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.