გურიის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 30, 2021
30.07.21 – ოზურგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიისა და ნატო – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.