გურიის რეგიონის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე ქალებისათვის ორდღიანი ონლაინ სემინარი გაიმართა
ნოემბერი 14, 2020
ქ. ოზურგეთში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გურიის რეგიონის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე ქალებისათვის ორდღიანი ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დასავლური სტრუქტურების მთავარი პრინციპების, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის, მისი ხელშესახები სიკეთეებისა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნეს.
როზარია პუგლისმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, მიღწეულ პროგრესზე და შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული პარტნიორია, რომელიც ალიანსის უსაფრთხოებას სხვადასხვა გზით უწყობს ხელს, მათ შორის, ქართველი სამხედროების მონაწილეობით ნატოს ავღანეთის მისიაში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და საზოგადოების მედეგობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით აღინიშნა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროების შესაძლებლობები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დასავლურ ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდაში.
პროექტში ”ნატო-ევროკავშირის სემინარი ქალი მეწარმეებისთვის” გურიის რეგიონიდან 30 მეწარმე ქალი მონაწილეობდა. პროექტი ნატო-ს სახალხო დიპლომატიის სამმართველოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონი და საზოგადოება“და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით განხორციელდა.