გურიის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
სექტემბერი 27, 2021
27.09.21 – ოზურგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
50-მდე მონაწილესთან სამართლის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ (EUEAA) ავტორმა და კოორდინატორმა ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის ამოცანებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გახსნეს და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.