,,იალქანის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ივნისი 10, 2024

10.06.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინსტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ,,იალქანის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა პროექტის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინათ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.