იმერეთის ბიურო ინგლისურენოვან რეგიონულ კონფერენციაში ჩაერთო

სექტემბერი 7, 2021

07.09.21 – ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო, ხონში პირველად გამართულ ინგლისურენოვან რეგიონულ კონფერენციაში ჩაერთო, რომელიც ინგლისური ენის სწავლების გამოწვევებსა და ცვლილებებს მიეძღვნა. კონფერენციის მხარდამჭერი ხონის მუნიციპალიტეტის მერია, ორგანიზატორი ორგანიზაცია კი ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ ოყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარძემ, ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დასავლური ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება, ასევე იმ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა ეტაპზე პედაგოგებს, ლექტორებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს სთავაზობს.

შეხვედრის მოწვეული სპიკერები იყვნენ: შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი და საჩხერის N2 საჯარო სკოლის 2018 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტთა წევრი მაია ტყემალაძე. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ონლაინ ჩართვებით უნივერსიტეტების, სათემო ცენტრისა და სკოლების გამორჩეულმა პედაგოგებმა. მათ მიერ წარმოდგენილი თემები მოიცავდა ბევრ საინტერესო სიახლეს ინგლისური ენის სწავლებაში.

კონფერენციას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, მენტორი და მოწვეული სპიკერი მანანა კაპეტივაძე, მასწავლებელთა ტრენერი და ინგლისური ენის პედაგოგი ქუთაისიდან თომა მალეტი ესწრებოდნენ.

კონფერენციას უძღვებოდნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი ელენე ცაცუა და ინგლისური ენის პედაგოგთა ტრენერი თინათინ დადიანიძე.

არსებულ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ღონისძიება, ყველა რეგულაციის დაცვით, ორ პარალელურ ონლაინ და პირისპირ ფორმატში მიმდინარეობდა.