იმერეთის ბიურო საჯარო მოხელეებისთვის გამართულ რეგიონულ ფორუმში ჩაერთო

დეკემბერი 22, 2021

22.12.21 – ხონი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო, იმერეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის პროგრამა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ღირებულებების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეგიონულ ფორუმში ჩაერთო.

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და საჯარო რეფორმების მნიშვნელობაზე.

ასევე, მონაწილეებს პროგრამის „ღია მმართველობა საქართველო“ სამდივნოს ხელმძღვანელი ქეთი ცანავა მიესალმა და OGP საქართველოს პროცესებზე, ღია მმართველობის პროცესში თანამონაწილეობის პრინციპის სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე გაამახვილა.

UNDP -ს პროექტების მენეჯერმა ნინო კაკუბავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროცესში აქტიურ თანამშრომლობასა და იმ დახმარებაზე, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

2018 წელს ხონის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის UNDP პროექტთან ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო საჭიროებათა კვლევა, რომლის საფუძველზეც შემუშავებულ იქნა გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

შემდეგ ეტაპზე, ხონის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებთან ერთად 2021 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრად აირჩიეს.

შეხვედრას, ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესო გოფოძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, იმერეთის რეგიონის მერები და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, რომლებმაც თავისი გამოცდილებისა და დანერგილი ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრეს.