იმერეთის ბიურო შშმ პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივობაში ჩაერთო

მაისი 27, 2021

27.05.21 – იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო შშმ პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ჩაერთო.

აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად სპორტულ შეჯიბრს მართავს ნარდსა და შაშში, სადაც შშმ პირები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ერთვებიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შშმ პირთა გვერდით დგომა და მხარდაჭერა. ამიტომ, ყოველ წელს ვცდილობთ ვიყოთ მათი აქტივობების მხარდამჭერები. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ერთმანეთის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია და წელსაც შევეცადეთ ჩვენი ჩართულობით მათდამი პატივისცემა გამოგვეხატა“ – აღნიშნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო უკვე მე-4 წელია აქტიურად თანამშრომლობს შშმ პირთა იმერეთის რეგიონალურ ორგანიზაციასთან. ამჯერად, შაშში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს, ცენტრის წარმომადგენელმა ფასიანი საჩუქრები გადასცა.